2024 წლის 12-16 თებერვალს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე თანმხლებ პირებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯში, რომელთანაც აკადემიას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს, როგორც გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ასევე დისტანციური სწავლების განვითარების მიმართულებით.
აკადემიის რექტორის სამუშაო ვიზიტი ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯში დაიწყო შეხვედრით კოლეჯის შტაბის უფროსთან, ბრიგადის გენერალ ოულე ანდერს ოუისთან. შეხვედრის დროს, მასპინძელმა მხარემ აკადემიის წარმომადგენლებს გააცნო პრეზენტაცია ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯის, მისი ხარისხის მართვის სისტემის, დისტანციური სწავლების, აკადემიური კურსების მხარდაჭერის და სამხედრო ოპერაციების ახალი სამაგისტრო პროგრამის შესახებ. მომდევნო დღეს კი, ვიზიტი გაგრძელდა ნორვეგიის ომის კოლეჯში.
ვიზიტის განმავლობაში დაიგეგმა ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯის მე-3 ერთობლივი დისტანციური სწავლების საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ჩატარდება მიმდინარე წლის ოქტომბერში. ნორვეგიელი კოლეგების მიერ მოხდა გამოცდილების გაზიარება კოლეჯის საერთაშორისო პროგრამების შესახებ და გამოიკვეთა თანამშრომლობის ახალი სფეროები.
ვიზიტის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რომელსაც ხელი მოაწერეს აკადემიის რექტორმა ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ და კოლეჯის შტაბის უფროსმა ბრიგადის გენერალმა ოულე ანდერს ოუიმ. ოფიციალური შეხვედრების გარდა, ვიზიტი ასევე დატვირთული იყო კულტურული ღონისძიებებით, რომლის დროსაც აკადემიის წარმომადგენლებმა მოინახულეს მასპინძელი ქვეყნის კულტურული და ისტორიულ ადგილები.