2024 წლის 26 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით ქ. ვარშავაში და ქ. ოლშტინში (პოლონეთის რესპუბლიკა), ნატოს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის, ელექტრონული აკადემიის (NATO DEEP E-Academy) ორგანიზებით, ჩატარებულ გაფართოებულ სასწავლო სემინარში, მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ, დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსმა ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი სხირტლაძემ, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის უფროსმა ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა კლიმიაშვილმა და იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა მანუჩარ დვალიშვილმა.
სემინარის ძირითად მიზანს წარმოადგენდა, ეროვნული თავდაცვის აკადემიისთვის, გაფართოებული სწავლების შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა. ნატოს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის, ელექტრონული აკადემიის ინსტრუქტორებმა, გაფართოებული სწავლების შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შესთავაზეს, რომ ელექტრონული სწავლების ინსტრუქტორის სერტიფიცირების პროგრამაზე დაესწროს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ წარდგენილი კანდიდატი და ზოგადად, მათ მიერ დაგეგმილ ონლაინ კურსებზე და აკადემიურ აქტივობებზე, პერიოდულად წარდგენილი იყოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ განსაზღვრული კანდიდატები.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო სასწავლო დაწესებულებებს შორის აყალიბებს მეგობრულ გარემოს, რაც ქმნის ხანგრძლივ ურთიერთობებს სტუდენტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. ასევე, ავითარებს სოციალურ და კომუნიკაციურ უნარებს, მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების შესახებ და შეიძინონ გამოცდილება მსგავს სფეროებში.